ტოლერანტობის დღეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წინ მედიასკოლიდან გარიცხული ანზორ სვიანაძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.

აქცია ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების ინიციატივით მოეწყო, რომელსაც სასულიერო პირები შეუერთდნენ.

“პარლამენტში მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე ხდება ის, რომ ბავშვმა, რომელმაც გარყვნილების წინააღდეგ რაღაც თქვა გარიცხეს,-” განაცხადა ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა.

ფალავანდიშვილის თქმით, აქციის მთავარ მიზანს ლგბტ პროპაგანდის შეწყვეტა წარმოადგენს. მისივე თქმით, მედიაქარტია ბინძური ქარტიაა, რომელიც მამათმავლების პროპაგანდას ემსახურება.

თავად მედიასკოლიდან გარიცხული სტუდენტი, ანზორ სვიანაძე განმარტავს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებაა.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ანზორ სვიანაძე თავადაა ძალადობის მსხვერპლი, რადგან ის საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო გარიცხეს. მათივე თქმით, ანტიდისრიმინაციული კანონი უნდა გაუქმდეს, გარიცხული მოსწავლე კი სასწავლებელში უნდა დააბრუნონ.

ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის ნატალი პატარიძის თქმით, მედიასკოლა მედიაქარტიაზე აგებული პრინციპებით ხელმძღვანელობს და შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტი სკოლას დატოვებს.

ანზორ სვიანაძე მედიასკოლიდან მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გარიცხეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *