ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე 3 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს.
გამოცდებს აბიტურიენტები პირველ, მეჩვიდმეტე და ორმოცდამერთე საჯარო სკოლებში ჩააბარბენ. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” ეროვნულ საგამოცდო ცენტრში განუცხადეს, ქუთაისში გამოცდებს 4 ათას 700-ზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს.
“ორშაბათს იწყება უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდები. საგამოცდო ცენტრებში ბოლო დეტალები ზუსტდება. ვფიქრობთ, რომ ორშაბათს 22-ვე ცენტრი აბსოლუტურად მზად იქნება გამოცდების ჩასატარებლად. წელს ისევე, როგორც შარშან გამოცდები ნახევრად ელექტრონული სახით ჩატარდება. ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს და სამივეში დაახლოებით 4 ათას 700-ზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდებს. ჩვენი რჩევა იქნება არ დააგვიანონ გამოცდებზე და გულშემატკივრებმა აბიტურიენტებს შეუქმნან მშვიდი გარემო”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ.
წლევანდელ გამოცდაზე სიახლე ის იქნება, რომ ინგლისური ენის გამოცდაზე აბიტურიენტები ინგლისური ენის დავალებებში, მოსმენის ნაწილში 10 მცირე ტექსტის ნაცვლად 5 შედარებით ვრცელი ტექსტს მოისმენენ, რომელსაც 2 შეკითხვა მოჰყვება და ჯამში 10 ქულა იქნება.