ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაწესებულებებთან მუშაობა გრძელდება. მორიგი შეხვედრა ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართეს. შეხვედრას ქუთაისსა და ზუგდიდში მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და დაწესებულებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მათი დანერგვის გზები დეტალურად გააცნეს.
“სტანდარტების სწორად დანერგვა და განხორციელება უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის მკვეთრ ზრდას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დანერგვას წინ უძღოდეს ხელშემწყობი ღონისძიებები.”უკვე დამტკიცდა ახალი ავტორიზაციის სტანდარტები, რომელიც ევროპულ მოთხოვნებთან თავსებადია. მოთხოვნების თამასამ საკმაოდ აიწია. ამიტომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოუწევს საგანმანათლებლო დაწესებულებებს”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვამდე შერჩეულია 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებშიც დაიწყება პილოტირება ცენტრის მხარდაჭერითა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. პილოტირება პროექტ Study in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონშიც გაგრძელდება.