საქველმოქმედო ფონდ “ქართუსა” და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის პროგრამის განხორციელებაში, როგორც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის, ასევე სხვა პროექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” მიიღებს. მემორანდუმს დღეს ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოაწერეს.
“ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც არის ჩვენი განათლების რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, პროექტი რომელსაც აფინანსებს ფონდი “ქართუ” დღეს შეიძინა და დამთავრდა მოსამზადებელი პერიოდი და მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გერმანიაში არის N1 დასაქმების თვალსაზრისით და მსოფლიოში N8, ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტში შემოვიდა როგორც პარტნიორი. იგი სხვა პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბებაში, კამპუსის განვითარებასა და მშენებლობაში, გუნდის ჩამოყალიბებაში და რაც მთავარია დასაქმების თვალსაზრისით. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განათლება მიღებულმა ახალგაზრდებს მარტივად მიუწვდეთ ხელი დასაქმებაზე”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვან საბუთებს მოეწერა ხელი და ჩვენი ქვეყანა გადადის ახალ ეტაპზე. ჩვენთან შესაძლებელი გხდება თანამედროვე, ევროპული და მსოფლიო დონის განათლების მიღება. ფონდი “ქართუ” თავის პროგრამებს კომპლექსურად ახორციელებს და კონკრეტულად განათლების სფეროში ჩვენ ვახორციელებთ 2 უპრეცენდენტო პროექტს, ვგულისხმობ თბილისის ტექნოლოგიურ და ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. მზაობა ჩვენი ფონდისა იმის საფუძველი არის, რომ პროექტი განხორციელდება და იქნება წარმატებული”,- განაცხადა ფონდ “ქართუს” დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტმა სტუდენტები 2019 წლიდან უნდა მიიღოს. პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება.