“განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის” ორგანიზებით, ქუთაისში
სასტუმრო “ბაგრატი 1003”-ში კონფერენცია და დისკუსია გაიმართა, რომელიც მიძღვნილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით. კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” ხელმძღვანელმა ლიკა მხატვარმა, რომელმაც ისაუბრა სკოლამდელი აღზდის დაწესებულებებში დანერგილ ინკლუზიურ ჯგუფებსა და სწავლების მეთოდოლოგიაზე. “ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საჯარო სკოლებში”-ასე ერქვა მოხსენებას, რომლეზეცც აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წარმომადგენელმა, ნატო ქობულაძემ ისაუბრა.
შშმ პირთა დასაქმების შესაძლებლობებზე, უწყვეტ განათლებასა და დასაქმებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე გაამახვილა ყურადღება განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა. კონფერენციაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა მადონა ბასილაძემ ისაუბრა სახლახო დამცველის როლზე შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების ადვოკატირება და ლობირება” ფარგლებში შექმნილი და ქ.ქუთაისისი მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის მრჩეველთა საბჭოების წევრებმა. ასევე ქუთაისის მე-12, მე14 და 32-ე საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, სტუდენტებმა და სოციალურ სფეროში მოღვაწე ადამიანებმა.
ღონისძიება ითვალისწინებს ხელი შეუწყოს შშმ პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებით სრულყოფილ და თანასწორ სარგებლობას და მათი თანდაყოლილი ღირსების პატივისცემას.