ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის # 2 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა
2016-17 სასწავლო წლის მანძილზე არაერთ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული ტენერიფეს საერთაშორისო კონკურსი, სადაც მევიოლინე გიორგი ჭეიშვილმა, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და მოიპოვა დიპლომი გერმანიაში გასამგზავრებლად, სადაც ის კონკურსის მეორე ტურზე იქნა წარგზავნილი. ასევე 2017 წლის დასაწყისში იტალიაში გაიმართა კონკურსი, სადაც გიორგი ჭეიშვილმა ლაურიატის წოდება და მეორე ადგილი, ასევე ფულადი პრემია დაიმსახურა, ხოლო მია-მარიამ წერეთელმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი, ლაურეატის წოდება და ფულადი პრემია დაიმსახურა. აღსანიშნია ისიც, რომ აღნიშნულ კონკურსზე ამ ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილზე მაღალი პრემია არ გაცემულა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლამ ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩატარებულ არაერთ კონკურსსა თუ ფესტივალში “მუსიკა გვამეგობრებს”, “მომავლის ვარსკვლავები” და სხვა. აღსანიშნავია სამუსიკო სკოლაში არსებული უმცროსკლასელთა გუნდის (ხელმძღვანელი იზა ადეიშვილი) და საესტრადო გუნდის (ხელმძღვანელი საოფიო როინიშვილი) წარმატებები.
სასწავლო წლის ბოლოს სამუსიკო სკოლაში არაერთი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ასევე საესტრადო კლასების მოსწავლეები. 19 ივნისს, კი მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში, მეორე სამუსიკო სკოლა გალა კონცეტრით წარსდგება მაყურებლის წინაშე.
ქ.ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის # 2 სამუსიკო სკოლის აქტივობები, კონკურსებსა თუ ფესტივალებში მონაწილეობა და გამარჯვება არ დარჩა დაუფასებელი ქვეყნის მუსიკალური საზოგადოებისა და კულტურის სამინისტროს მიერ და 2 ივნისს, საქართველოს საგუნდო საზოგადოებამ, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე სამუსიკო სკოლის დირექტორს ნინო დოღონაძეს გადასცა დიპლომი “კონკურსში წარმატებული და აქტიური მონაწილეობისათვის”. ასევე ნინო დოღონაძე დასახელდა საქართველოს მასშტაბით არსებული სამუსიკო სკოლებისა თუ სასწავლებლების ერთ-ერთ საუკეთესო დირექტორად. რადიოკომპანია “ძველი ქალაქი” ულოცავს ქალბატონ ნინოს ამ წარმატებას და კოლექტივთან და აღსაზრდელებთან ერთად ნაყოფიერ და კიდევ მეტად წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.