სხვადასხვა დასახელების აფთიაქების გვერდით
ახალი “პოეზიის აფთიაქი” გაჩნდა. თუმცა ეს აფთიაქი ტრადიციულისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ ჩვეული დასახელების მედიკამენტებს ვერ შეიძენთ. “პოეზიის აფთიაქი” “პოეზიის ამბებით” მოგამარაგებთ.
პროექტი ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნის. პორექტის ორგანიზატორებმა აფთიაქის შესახებ პრეზენტაცია ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში გამართეს. პროექტის ორგანიზატორმა და პოეტმა ცირა ბარბაქაძემ “პოეზიის აფთიაქის” შექმნისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა. “კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის შექმნის დღიდან არსებობს. ვკითხულობ კურსს, რომელსაც ჰქვია “რა არის პოეზია?”. ამ კურსის ფარგლებში შეიქმნა კლუბი და ყოველ წელს გვაქვს სხვადასხვა აქცია, კონკურსები. წელს გვაქვს “პოეზიის აფთიაქი” . ეს არის კონკურსი ახალგაზრდა შემოქმედებისთვის. გვინდა ეს პროექტი გასცდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ვახდენთ დიდ უნივერსიტეტებში მის წარდგენას”, – განაცხადა ცირა ბარბაქაძემ.
“პოეზიის აფთიაქში” შემდეგი სახის მედიკამენტები იქნება: ენდორფინ-ა(მ)ბები, პროტესტ-ა(მ)ბები, დითირა(მ)ბები , ცოცხალი ა(მ)ბები (ვიდეო-არტი), საკაიფო ა(მ)ბები – საკაიფო (იგივე საკაფიო) ა(მ)ბები – ანუ კაფიები.
საკაიფო ა(მ)ბები იუმორით, ემოციების მრავალფეროვნებით, რითმებით, განცდებით, გრძნობებით იწვევს შეყვარებულთა “გულის მოოხებას”, რის შედეგადაც მკითხველი “კაიფობს”.
პოეზიის ა(მ)ბებს განიხილავს და გამოავლენს გამარჯვებულებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ცირა ბარბაქაძე – პოეტი, პროექტის ორგანიზატორი, ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე, პაატა შამუგია – პოეტი, გია ჯოხაძე – მთარგმნელი, ნატო დავითაშვილი – მწერალი, ზაზა ცოტნიაშვილი – ლიტარატურათმცოდნე, ზურაბ რთველიაშვილი – პოეტი, პერფორმერი.
“ამერიკელმა ფსიქიატრმა შეიტანა სამკურნალო ციკლში პოეზიით მკურნალობა. მან მიიჩნია, რომ პოეზია კურნავს დეპრესიისგან, განგაშის განცდისაგან და ა.შ. აგრეთვე, დიდმა პოეტმა იოსიფ ბროდსკიმ მოუწოდა მთელ ამერიკას, თუ შეიძლება ადამიანს მივართვათ წიგნი, რძის ბოთლები ან ბიბლია და დავდოთ სასტუმროში. რატომ არ შეილება ერთი პოეტური კრებულიც დავდოთ იქ. ან ბიბლიას დავუმშვენოთ მხარი პოეტური კრებულით. ასე მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ ადამიანები კითხვას დაიწყებენ და სხვაგვარად იმეტყველებენ. მიხარია, რომ ამ კონკურსს განვსჯი. მეჩვენება, რომ თუ ახალგაზრდებმა არ აუღეს ალღო პოეტურ მეტყველებას, მერე გაგვიჭირდება”, – განაცხადა მთარგმნელმა გია ჯოხაძემ.
პოეზიას რომ განმაკურნებელი თვისება აქვს, ამას პრეზენტაციაზე მისულებიც იზიარებენ. “გვყავდა სტუმრები ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსით “პოეზიის ა(მ)ბები”. მართლაც, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოეზიას გააჩნია განმაკურნებელი თვისება. როდესაც ადამიანი კითხულობს ლექსს ის სულიერ განწმენდაც განიცდის. ამ კონკურსში არის ძალიან ორიგინალური ნომინაციები, ჟანრები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არც შეგვხვედრია”, – აღნიშნა წერეთლის უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულების სპეციალისტმა, პოეტმა თამარ ნინიძემ.
კონკურსის სპონსორმა და მხარდამჭერებმა დააწესეს პრემიები:
ენდორფინ-ა(მ)ბები – 1 პრემია (600 ლარი) 11 პრემია – 400 ლარი
პროტესტ-ა(მ)ბები – 1 პრემია (600 ლარი)
დითირა(მ)ბები – 1 პრემია (600 ლარი)
ცოცხალი ა(მ)ბები – 1 პრემია (600 ლარი)
საკაიფო აბები – 1 პრემია (700ლარი) (350-350 თითოეულს)
გამოიცემა კრებული “პოეზიის ა(მ)ბები”, რომელშიც შევა ჟიურის მიერ შერჩეული ლექსები. მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია და დაჯილდოება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სტუდენტს და ახალგაზრდას, 30 წლამდე, ერთსა და იმავე მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მხოლოდ ორ ნომინაციაში, ტექსტი მანამდე არსად არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და სპეციალურად კონკურსისთვის უნდა იყოს შექმნილი.
დაინტერესებულმა პირებმა ტექსტები უნდა გააგზავნონ 1-ლი აპრილიდან 15 მაისამდე მისამართზე:poetryclub@iliauni.edu.ge
15 მაისიდან 20 მაისამდე ჟიური შეარჩევს კრებულში დასაბეჭდ ლექსებს, ხოლო 28 მაისს შედგება პოეზიის კრებულის – “პოეზიის ა(მ)ბები” პრეზენტაცია და ნომინაციაში გამარჯვებულების დაჯილდოება.