საქართველოში, ბოლო ერთ წელში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 28 245-ით გაიზარდა.

2022 წლის ნოემბერში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 665 992-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წლის იმავე პერიოდში 637 747-ს.

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაზრდილია იმერეთშიც. 2022 წლის ნოემბერში სოციალურ დახმარებას 85 186 ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 15,9% შეადგენს, ხოლო 2021 წლის ნოემბერში 82 886 (15,5%), რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელში იმერეთში 2300-ით მეტი სოციალურად დაუცველია.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, 2022 წლის ნოემბერი
სულ
ოჯახი – 178 490 16,7%
მოსახლეობა – 665 992 19,9%

იმერეთი
ოჯახი – 22 720 12,8%
მოსახლეობა – 85 186 15,9%

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, 2021 წლის ნოემბერი
სულ
ოჯახი – 172 886 16,2%
მოსახლეობა – 637 747 17,1%

იმერეთი
ოჯახი – 22402 12,6%
მოსახლეობა – 82 886 15,5%

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სერვის ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე, სოციალურად დაუცველთა ზრდას ზღვრული ქულის აწევას, ასევე, სოციალური შემწეობის ზრდის გამო გაზრდილ მომართვიანობას უკავშირებს.
,,ზღვრული ქულა 100 ათასამდე იყო და ახლა 120 ათასამდეა. ოჯახი, რომელსაც 120 ათასამდე აქვს ქულა და ჰყავს 16 წლამდე ბავშვი, იღებს სოციალურ დახმარებას. ცხადია, ქულის აწევამ გამოიწვია სოციალურად დაუცველთა რიცხვის გაზრდა. ცვლილება 2 წლის წინ განხორციელდა, მაგრამ თავიდან სოციალურმა დახმარებამ 10 ლარით მოიმატა, შემდეგ 50 ლარით, შემდეგ 150-ით და დავაანონსეთ ასევე 200 ლარამდე ზრდა, ამან, ცხადია, მომართვიანობაც გაზარდა და მიმღებთა რაოდენობაც გაიზარდა,’’-ამბობს ნინო ჭიღლაძე.
ეკონომისტი და ოპოზიციური პარტიის – ,,ევროპული საქართველოს’’ წევრი ამირან ძოწენიძე კი სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდას ინფლაციას უკავშირებს.
,,მთავრობა რეკლამირებს, რომ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. თითქოს პარადოქსია, იზრდება ეკონომიკა, მაგრამ უარესდება ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა. ეკონომიკის ზრდა ნიშნავს ჩემი, თქვენი და სხვა მოქალაქეების შემოსავლების ზრდას, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი შემოსავლების მექანიკური ჯამი არის ქვეყნის ეკონომიკა. კი ნომინალურად ეკონომიკა გაიზრდა, მაგრამ ამის ფონზე გაიზარდა ინფლაციაც. ფორმალურად იზრდება ადამიანების შემოსავლები, რეალურად კი მცირდება, მაგალითად, თუ შარშანწინ ადამიანს, პირობითად რომ ვთქვათ, 100 ლარი სჭირდებოდა პირველადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ახლა 110-დან 120 ლარამდე სჭირდება, რაც ნიშნავს, იმას, რომ ხარჯი მეტად გაეზარდა, ვიდრე შემოსავალი.  რაც უფრო ნაკლებშემოსავლიანია ოჯახი, მით უფრო დრამატულია ეს ციფრები, რადგან ნაკლებშემოსავლიანობა ნიშნავს, რომ შემოსავლის უმეტესი ნაწილი პირველადი მოხმარების საგნებზე იხარჯება. საქართველოში საკვები კიდევ მეტად გაძვირდა, ზოგი პროდუქტი 20-25%-ითაც გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღარიბები მეტად გაღარიბდნენ,’’-ამბობს ამირან ძოწენიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *