საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცვლელი რჩება რეფინანსირების განაკვეთი და იგი კვლავ 11 პროცენტი იქნება.

 

ამ მონაცემზეა დამოკიდებული, გაიზრდება თუ შემცირდება ათიათასობით ადამიანის სესხის პროცენტი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს, 21 დეკემბერს, მიიღო.

გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზითაა ახსნილი:

“მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს”;

“ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს და ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპის სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე მნიშვნელოვნად გადაჭარბების რისკებს ქმნის”;

“მიმდინარე ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონეს აღემატება, რაც, საგარეო შემოდინებების შედეგად ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ინფლაციის შენელებას აფერხებს”.

“ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს”, – განმარტებულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთად 11-პროცენტიან ნიშნულს ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტის შემდეგ მაღალი ინფლაციის გამო ინარჩუნებს – რეფინანსირების განაკვეთი გაზრდა ან შემცირება ინფლაციის დონეზე ახდენს გავლენას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *