მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 310,8 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურის მაძიებელთა რიცხვი წლიურ ჭრილში 50 ათასით არის გაზრდილი.
ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, მესამე კვარტალში საქართველოში ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 19,5% შეადგენს. უმუშევრობის დონე შემცირებულია მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მესამე კვარტალში დასაქმებული იყო 1,28 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 861,9 ათასი ადამიანი დაქირავებული, ხოლო 418,6 ათასი — თვითდასაქმებული იყო.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ქალაქებში 21,1%, ხოლო სოფლებში 17,2%-ია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი მაღალია. ამასთან, წლიური ზრდა ფიქსირდება როგორც ქალაქებში (1,9 პროცენტული პუნქტით), ასევე სოფლებში (3,5 პროცენტული პუნქტით).
რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს გენდერულ ჭრილში, უმუშევრობის დონე კაცებში 21,7%, ხოლო ქალებში 16,6%-ია, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. საქსტატის მიხედვით, უმუშევრად მიიჩნევა ის, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის დაიწყოს მუშაობა — სამუშაოს მაძიებლები ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად ითვლებიან. ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკურად აქტიური ადამიანი კაცებს შორის 64,7%, ხოლო ქალებში 42,4%-ია.