ქუთაისის აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი
multicat=36 ავიაკომპანია “ვიზეარის” ბაზა ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ავიაკომპანიის ბაზა ფუნქციონირებას 1-ლი ივლისიდან განაახლებს. დამატებითი რეისები კიდევ 6 მიმართულებით განხორციელდება, ესენია: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი.
“ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – “ვიზეარის” ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს,”- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
ქუთაისის აეროპორტში “ვიზეარის” ბაზის დროებითი დახურვის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 1-ლ ივლისს გავრცელდა, რასაც კომპანია პანდემიასა და მისგან გამოწვეულ შედეგებს უკავშირებდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ივლისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 153 ფრენა პირდაპირი რეგულარული რეისით შესრულდება. აქედან, 111 პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, ხოლო 42 ცენტრალური აზიის მიმართულებით შესრულდება.