ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიამიმოსვლა
multicat=36 შესაძლოა უკრაინისაა და ბელარუსის ავიაკომპანიებმა დაიწყონ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. საუბარია „SkyUp“-ზე, “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებსა” და “ბელავიაზე”. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
“ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრები უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიებთან. მთავარი ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რათა აღნიშნულმა ავიაგადამზიდავებმა დაიწყონ რეგულარული რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ქუთაისის განახლებული აეროპორტი გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ვუმასპინძლოთ,”-თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, დაიწყება მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაგადამზიდავებთან, რათა მათ ფრენები ქუთაისში და ქუთაისიდანაც შეასრულონ.
შეგახსენებთ, პანდემიის შემდეგ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების სიხშირეები ეტაპობრივად იზრდება. 5 ივლისიდან სიხშირეების რაოდენობა ქუთაისიდან აქტაუს მიმართულებითაც გაიზრდება და კვირაში სამჯერ შესრულდება.