ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა სამ მემორანდუმს: საქართველოს ეკონომიკისა
multicat=36 და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია “აი გრუპს”, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “აი გრუპს”, აგრეთვე კომპანია “აი გრუპსა” და ჩინურ კომპანია “ჩანგანს” შორის. ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოში ჩინეთის ელჩი ძი იანჩი.
“უახლოესი თვეების განმავლობაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება, რაც რეგიონში პირველი პრეცენდენტია. ეს იქნება საკმაოდ მაღალტექნოლოგიური წარმოება, საქართველო განამტკიცებს თავის პოზიციებს და გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტიორი ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ქარხნის მშენებლობა ორი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.
კომპანია “აი გრუპი” ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა, პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს. საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში “მწვანე ეკონომიკის” განვითარების მნიშვნელობას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარება მთავრობის გაცხადებული პოლიტიკური პრიორიტეტია, რაც სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასაც გულისხმობს, ამაში კი ახალი ქარხნის პროდუქცია თავის წვლილს შეიტანს.