გაეროს მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის 8 101 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 488 ბავშვი და მოზარდია.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განახლებული მონაცემები 27 თებერვალს გამოაქვეყნა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დაიჭრა 13 479 სამოქალაქო პირი.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი უმეტეს შემთხვევაში გამოიწვია მძიმე არტილერიის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და რაკეტების გამოყენებამ და საჰაერო დარტყმებმა. გაეროს განმარტებით, მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება უკრაინის იმ რაიონებიდან, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

27 თებერვალს ჟენევაში დაიწყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია, რომელიც თვეზე მეტხანს, 4 აპრილამდე იმუშავებს. სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტები და მათი გამოძიება. სპეციალური კომისია საბჭოს წარუდგენს პირველ წერილობით ანგარიშს. უკრაინის შესახებ მოხსენებას წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *