14 დეკემბერს, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში 2022 წლის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნება, რომელიც ქართული საკომპოზიტორო სკოლის, საქართველოში პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის სახელს ატარებს და მისი დაბადებიდან 160-ე წლისთავს ეძღვნება.
კონკურსი, ფორტეპიანოს პროფილით სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – 9/13, II – 14/18, III -19-27) ტარდება და მისი მთავარი კრიტერიუმია აკადემიური შემსრულებლობის მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვას კომპეტენტური საერთაშორისო ჟიურის ხუთ წევრიანი შემადგენლობა უზრუნველყოფს: ჟიურის თავმჯდომარე- ცნობილი ქართველი დირიჟორი, გიორგი (გოგი) ჭიჭინაძე ( თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სრული პროფესორი, პოლონეთის, ბალტიის ფრედერიკ შოპენის სახ. ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი);
ჟიურის წევრები:
1. მანანა გოცირიძე – (საქართველო) პიანისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის ასოცირებული პროფესორი;
2. ნეი ფიალკოვი – (ბრაზილია, პორტო ალეგრე) პიანისტი, მუსიკალური ხელოვნების დოქტორი, რიო გრანდე-დო-სულის უნივერსიტეტის მუსიკის კათედრის სრული პროფესორი;
3. მათიე განსკი – (პოლონეთი, გდანსკი) პიანისტი, მუსიკალური ხელოვნების დოქტორი, გდანსკის სტანისლავ მონიუშკოს სახელობის მუსიკალური აკადემიის საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი;
4. დონალდას რაცისი – (ლიეტუვა, კაუნასი) ვიტაუტას მაგნუსის მუსიკალური აკადემიის ფორტეპიანოს კათედრის ხელმძღვანელი.
კონკურსის ფარგლებში, ქუთაისის სამუსიკო სკოლების საკონცერტო დარბაზებში, ჟიურის წევრები ჩაატარებენ საჯარო მასტერკლასებს. კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 13600 ლარს. გაიცემა ცხრა პრემია და ერთი გრან პრი. ძირითადი საპრიზო ადგილების გარდა, დაწესებულია შემდეგი ნომინაციები: : – საუკეთესო შესრულება – (3) (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პრემია რთული ფორმის საუკეთესო შესრულებისათვის) – ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულება (3) (საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პრემია) – არტისტიზმი (1) (ო. და ლ. ზაიცევების სახელობითი პრემია) – მომავლის პერსპექტივა (1) – (ფონდი ,,აფხაზეთის” პრემია) – ჟიურის სიმპატია – – საუკეთესო პედაგოგი (5) ( საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ნომინაცია ,,ანასტასია ვირსალაძის სახელობის პრემია – დაწესებულია გრან პრის მფლობელის პედაგოგისათვის. საუკეთესო პედაგოგის ნომინაციაში წარდგენილი პედაგოგებისთვის განსაზღვრულია სპონსორების მიერ დაწესებული ფულადი პრემიები).
კონკურსში მონაწილეობისათვის დარეგისტრირებულია 28 მონაწილე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და უცხოეთიდან.
კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ააიპ ,,არტ-ლიგა“, გენერალური სპონსორი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. კონკურსის დამფუძნებლები და ორგანიზატორები: ქეთევან მამუკელაშვილი /მუსიკისმცოდნე/, მანანა კიკაბიძე /პიანისტი, პედაგოგი, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი.
კონკურსის მოკლე ისტორია: მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კონკურსი, კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში, 2013 წელს დაფუძნდა. კონკურსის იდეაც სწორედ მის მიერ, 1918 წელს დაარსებულ, დასავლეთ საქართველოში პირველ სამუსიკო სასწავლებელში დაიბადა. 2013 წელს ჩატარდა ,,მ. ბალანჩივაძის სახელობის კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი; (ჟიურის თავმჯდომარე- კახა ცაბაძე). პარტნიორები: საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. კონკურსის მიზანი – მ. ბალანჩივაძის ვოკალური ნაწარმოებების თემებზე ინსრუმენტული პიესების (ტრანსკრიფციების) შექმნა, სასწავლო-საშემსრულებლო და საკონცერტო რეპერტუარის ახალი ქართული პიესებით გამდიდრება, მ. ბალანჩივაძის შემოქმედების პოპულარიზაცია. გამარჯვებულად გამოვლინდა 18 ნაწარმოები სხვადასხვა საკრავების და ანსამბლური შემადგენლობებისათვის; 2015 წელს ქუთაისში დაფუძნდა მ. ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი, რომელშიც 100-მდე მონაწილემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. კონკურსი ჩატარდა ოთხ საშემსრულებლო მიმართულებაში: ფორტეპიანო, სიმებიანი, სასულე-ჩასაბერი საკრავები და სოლო სიმღერა; 2018 წელს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ეროვნული კონკურსის ჟიურის ცხრა წევრიან შემადგენლობაში, ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ქ. პოზნანის ი. პადერევსკის სახელობის მუსიკალური აკადემიის ოთხმა პროფესორმა (კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, თავის პედაგოგთან ერთად, დაჯილდოვდა პოლონეთში, ქ. კალიშში, ჩასაბერი საკრავების საზაფხულო აკადემიაში საერთაშორისო მასტერკლასებზე მონაწილეობით); 2020 წელს, პანდემიის გამო, კონკურსი მოიხსნა.