საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის და ყოფილი პრემიერის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახებს პერიოდული კომუნიკაცია აქვთ.

ივანიშვილს ოპოზიცია ოლიგარქად მოიხსენიებს, ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ეს “აგორებული კამპანიაა”. ამის შესახებ საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღარიბაშვილი წერს, რომ ასეთი განცხადებები მისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერმინისტრია.

,,როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს”,-ამბობს პრემიერი.

 

მისი თქმით, აბსურდია, რომ ივანიშვილი მთავრობას და პარლამენტს აკონტროლებს.

,,საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია’’-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *