თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი” ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გახსნა სპექტაკლით ,,ნუ გააღვიძებ”.
სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით, ელენე მაცხონაშვილის რეჟისორობით დაიდგა.
ფესტივალი წელს მეცამეტედ იმართება.
,,ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქუთაისისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის და არამარტო, რადგან ფესტივალმა საერთაშორისო დატვირთვაც მიიღო. რეგიონის თეატრებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა ჰქონდეთ მოტივაცია, გააგრძელონ მუშაობა და დაძლიონ მათ წინაშე მდგარი გამოწვევები. მიმდინარეობს მუშაობა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სამსახიობო სპეციალობის დამატების შესახებ, ეს საშუალებაა იმისა, რომ ქუთაისის და მთლიანად იმერეთის მასშტაბით გაიზარდონ მსახიობები და დაკომპლექტდეს რეგიონების თეატრები ახალი კადრებით,”-ამბობს ჟიურის წევრი ბაია კოღუაშვილი.
,,ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო მომენტია, როცა ამხელა აუდიტორიის წინაშე ფესტივალი უნდა გახსნა. ნამდვილად კარგი საქმე კეთდება. მგონი ჩვენი სათქმელი ვთქვით,”-ამბობს მსახიობი თეიმურაზ კიკნაველიძე.
,,სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზში მაყურებლებს ცრემლები სდიოდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ სპექტაკლი შედგა. მადლობა მსახიობებს და თეატრის ხელმძღვანელობას. ზესტაფონის თეატრალური ცხოვრება გუშინ არ დაწყებულა, თუ სადმე თეატრალური კულტურა არსებობს, ზესტაფონი ერთ-ერთი ძირძველია,”-ამბობს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი.
ფესტივალში იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ასევე ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეა ყაზახეთის აქტაუ მანგისტაუსის რეგიონალური მუსიკალური დრამატული თეატრი, რომელიც მაყურებლის წინაშე ავქსენტი ცაგარელის ,,ხანუმათი’’ წარსდგება.
ფესტივალის დახურვა 1 ივლისს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ჟურნალ ,,თეატრალური ქუთაისის’’ პრეზენტაცია.