16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
ფესტივალს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელმწიფო პროფესიული თეატრი გახსნის სპექტაკლით ,,ნუ გამაღვიძებ’’. ფესტივალში იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ასევე ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილეა ყაზახეთის აქტაუ მანგისტაუსის რეგიონალური მუსიკალური დრამატული თეატრი, რომელიც მაყურებლის წინაშე ავქსენტი ცაგარელის ,,ხანუმათი’’ წარსდგება. თავიანთ სპექტაკლებს წარადგენენ დამოუკიდებელი თეატრებიც. წარმოდგენები როგორც ქუთაისში, ასევე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
ფესტივალს ქუთაისიდან ეყოლება 4 კაცისგან შემდგარი ჟიური, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი პროფესიონალებიც დაემატებიან. გამარჯვებულები თორმეტ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ჯამში, პრემიის სახით 6500 ლარი გაიცემა, რომელსაც კულტურის სამინისტრო ფარავს.
ჟიურის ძირითად შემადგენლობაში იქნებიან: მაკა ვასაძე (თავმჯდომარე), ლაშა ჩხარტიშვილი, ნერონ აბულაძე, ლელა ოჩიაური.
,,იმერეთშის 12-ივე მუნიციპალიტეტს ჰყავს თეატრი, რაც საქართველოს რეგიონებისთვის იშვიათობაა. იმერეთი ქართული კულტურის აკვანია, მაგრამ იმისთვის, რომ თეატრალური კულტურა შევინარჩუნოთ; იმისთვის, რომ გადავრჩეთ, გვჭირდება ამ ტიპის ფესტივალები და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. კულტურის სამინისტრომ წელს პრემიების თანხით დაგვაფინანსა. ამ ფესტივალის მიზანი ჩვენი თეატრების და ჩვენი ტრადიციის შენარჩუნებაა და სასიხარულოა, რომ ფესტივალი ცოცხლობს,’’-ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი ლევან როხვაძე.
ფესტივალის დახურვა 1 ივლისს, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ჟურნალ ,,თეატრალური ქუთაისის’’ პრეზენტაცია.
თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ წელს მეცამეტედ იმართება.