დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა.
ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, უკვე ქუთაისის ორ კლინიკაშია შესაძლებელი, ესენია : დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. (ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის N 83ა) და ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (ქ. ქუთაისი ტ.ტაბიძის 23).
ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას: საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა; გლუკომეტრი; სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები; შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა; გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით; დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი; პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება; ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში; სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დრომდე, აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისის 3 დაწესებულებაში, რის გამოც, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად დედაქალაქში ჩასვლა უწევდათ.