დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.

 

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით ვრცელდება, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებისას. ინფექციას საწყის ეტაპზე მას ცხელება და გამონაყარი ახასიათებს.

„მაიმუნის ყვავილი” ახალი ვირუსი არ გახლავთ, 1970 წელს არის აღმოჩენილი და ორთოპოქსვირუსების გვარს მიეკუთვნება. ინფექცია აფრიკის ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინეს და ის ცხოველიდან ადამიანზე ვრცელდებოდა. მისი დიდი ეპიდაფეთქებები აღწერილი არ გახლავთ. ის უფრო მსუბუქი მიმდინარეობის არის, ვიდრე ნატურალური ყვავილი. დღეისთვის არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ორი ფორმა, კერძოდ, დასავლეთ აფრიკის და ცენტრალური აფრიკის, ე.წ. კონგოს აუზის. ყველაზე რთულია ე.წ. კონგოს აუზის, რომლის ლეტალობა 5-6%-მდე მერყეობს. დასავლეთ აფრიკის კი შედარებით მსუბუქია. „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად გამონაყარით მიმდინარეობს, ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით,”-ამბობს ამირან გამყრელიძე. 

 მისი თქმით, ინფექცია გადადის როგორც წვეთოვანი, ისე სქესობრივი გზით, დაბინძურებული საგნების შეხებით, ამიტომ არის რეკომენდებული ამ მიმართულებით რიგი პრევენციული ღონისძიებების დაცვა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 1980 წლამდე  დაბადებული ადამიანების იმუნიტეტი, ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა,  „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს. 

,,ეს პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ აუცილებელია, შესაბამისი მიმართულებები გაძლიერდეს. ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ვაქვეყნებთ, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი „მაიმუნის ყვავილზე“. სამედიცინო ქსელში დაიგზავნა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ყურადღება. ინფექციის პირველი ნიშანი არის ცხელება და გამონაყარი, ამიტომ აუცილებელია სხვა დაავადებებისგან იდენტიფიცირება. ე.წ. მოგზაურობის შეზღუდვაზე განგაშის საფუძველი არსად არის. ჩვენ მივყვებით ჯანმოს, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციებს. განგაშის სიგნალი ანთებული არ არის. საუბარია, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას ამ ვირუსზე. საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *