საქველმოქმედო ფონდმა ,,საქართველოს კარიტასი’’, იმერეთის მხარის მერიების თანამშრომლებისთვის, შინმოვლის საკითხების ორგანიზების და მართვის შესახებ სემინარი ჩაატარა.
შინმოვლა არის სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურებების ერთობლიობა, რომელიც ბენეფიციარს საჭიროებებიდან გამომდინარე ბინაზე მიეწოდება. შინმოვლის პროგრამა განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც დროებით ან მუდვილად შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის საშუალება, ესენია: განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები, ხანდაზმული ადამიანები, პოსტოპერაციული პაციენტები და სხვა. მომსახურება გულისხმობს ბენეფიციარისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას, მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას, ადვოკატირებას და კონსულტირებას სხვადასხვა დაწესებულებაში და ა.შ.
,,საქართველოს კარიტასი” შინმოვლის პროგრამას საქართველოს 6 რეგიონში ახორციელებს და წლის განმავლობაში, ჯამში, 2000-მდე ბენეფიციარს უწევს დახმარებას. ქუთაისში, ჯამში 150 ბენეფიციარი ფინანსდება, აქედან 62 მათგანს ქუთაისის მერია აფინანსებს. ქუთაისის მერიის მხრიდან კარიტასის დაფინანსება 30 ათას ლარს შეადგენს.
,,განიხილება საკითხი, რომ 2023 წლიდან სახელმწიფომ, შესაძლოა, შინმოვლის პროგრამა დააფინანსოს. ამ დროისთვის ამ ტიპის პროგრამაზე მუნიციპალიტეტიდან მცირე თანხაა გამოყოფილი. იმერეთის მერიების თანამშრომლებისთვის ვატარებთ სემინარს იმის შესახებ, როგორ შეიძლება ამ საკითხის უკეთ ორგანიზება. აუცილებელია მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის შინმოვლა, რა მიზნებს ემსახურება, რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ პაციენტები, რათა ის მცირე რესურსები, რაც მათ აქვთ, ეფექტურად გამოიყენონ. შინმოვლის პროგრამის თანამშრომლების შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ან საექთნო განათლება, რადგან შინმოვლა სამედიცინო მომსახურების გაწევასაც გულისხმობს, ან შინ მოვლის ტრენინგები გავლილი. ამ ტრენინგებსაც კარიტასი უზრუნველყოფს,’’-ამბობს ,,კარიტასი საქართველოს’’ ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი.
,,წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ კარიტასთან. ექსპერტებმა დადეს დასკვნა, რომ ბენეფიციარები კმაყოფილნი არიან კარიტასის მომსახურებით. კარიტასის გარდა, შინ მოვლის პროგრამას ,,წითელი ჯვარიც’’ ახორციელებს. ორივე ორგანიზაციას 30 ათასი ლარით ვაფინანსებთ და ჯამში, ჩვენი მხრიდან კარიტასში 62, ხოლო ,,წითელ ჯვარში’’ 70 ადამიანი ფინანსდება. ბენეფიციარებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, რომელ ორგანიზაციასთან სურთ თანამშრომლობა, ,,კარიტასთან’’ თუ ,,წითელ ჯვართან,’’-ამბობს ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი ვარლამ გობეჯიშვილი.
,,საქართველოს კარიტასი’’ 1994 წელს დაფუძნდა და ის საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებს.