საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ კორონავირუსი თითქმის დაამარცხა და ვირუსის მართვის თვალსაზრისით სისტემას არავითარი გამოწვევა არ ჰქონია.
,, “მწვანე ბარათები” მას შემდეგ, რაც “ომიკრონი” შემოვიდა ცირკულირებაში, გავაუქმეთ, რადგან აზრს კარგავდა. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტებისგან კრიტიკა მივიღეთ, ეს როგორ გააკეთესო. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში, რომ პროცესი სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ, ამიტომ სიტუაცია დასტაბილურდა. დღეს 100 შემთხვევა იყო, რაც ნიშნავს, რომ კრიზისი გადალახულია. ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გავაუქმეთ, მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით და ეს სტრესი და წნეხი მოიხსნება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 281, ხოლო გარდაიცვალა 6 ადამიანი.