8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კომპიუტერული თამაშის “დიდგორი” თრეილერის პრეზენტაცია შედგა.
კომპიუტერული თამაშის თრეილერი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული პროექტის “ძლევაი საკვირველი” ფარგლებში შეიქმნა.
კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ „სილესტიალ დიმენშენი“ ქართული კომპიუტერული თამაშის „დიდგორი“ თრეილერი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს წარუდგინა საზოგადოებას.
,,აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად სახელმწიფო აფინანსებს კომპიუტერული თამაშის შექმნას. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა. სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით’’-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას უწევდა ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი მიხეილ ბახტაძე.