მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს.
ამის შესახებ ის 24 ნოემბრის წერილში წერს.
“შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.” – წერს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ცირკულირებული სპეკულაციები” და ოპოზიციურ პარტიებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.
საზოგადოებისადმი მიმართვაში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი „ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში უპირატესობას ანიჭებს მასობრივ მშვიდობიან აქციებს.
“სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია. რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას”, – ამბობს სააკაშვილი.