ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.
გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ #FREEMISHA კამპანია მისი მთავარი დღის წესრიგი არაა.
ჯაფარიძის თქმით, ახლა მისთვის ყველაზე მთავარია სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი და რიგგარეშე არჩევნები.
“[#FREEMISHA კამპანია] არ არის ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხი არის სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი, რიგგარეშე არჩევნები და ამის გარშემო შემოშენება ბევრი სხვადასხვა საკითხების და მათშორის იმ პრობლემების, რომლებიც ყოველდღიური პრობლემებია”, — ამბობს ჯაფარიძე.
ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ახლა, არარეალურია და მას პირველ რიგში, სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება უნდა მიეცეს.
ლელოს გენერალური მდივანის თქმით, პარტია არ შეუერთდება საინიციატივო ჯგუფს, რომლის შექმნის მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე მუშაობაა.
“მე ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა ამ წუთას არარეალიზებადიც არის. ახლა დღის წესრიგში უნდა იყოს ის, რომ პირველ რიგში, მიეცეს მას საშუალება, დაესწროს სასამართლო პროცესს და მიიღოს მონაწილეობა.”- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
გუშინ, 25 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფის შექმნის იდეას გამოეხმაურა დეპუტატი ხათუნა სამნიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ #FreeMisha ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების კამპანიაა და არა სხვა პარტიების. მისი თქმით, ამას თავად სააკაშვილიც ხედავს.
მიხეილ სააკაშვილის 24 ნოემბრის განცხადებით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ცირკულირებული სპეკულაციები” და ოპოზიციურ პარტიებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.