პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს იწყებს.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, პროცესი გამჭვირვალე იქნება და კანდიდატებთან გასაუბრებისთვის დრო დაეთმობა როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას.
ამასთანავე, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
„მოვუსმენთ ორ კანდიდატს: ბატონ გენადი მაკარიძესა და ქალბატონ თამარ ოქროპირიძეს. ამ პროცესში როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე ყველა ოპოზიციურ ფრაქციას აქვს გამოყოფილი დრო. ეს არის მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი“, – აღნიშნავს ოხანაშვილი.
იუსტიციის უმაღლესს საბჭოს პარლამენტისთვის ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი: გენადი მაკარიძე, ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდება.