“219 ლარი არის ძალიან დაბალი ხელფასი და ის თითქმის უტოლდება დანაშაულს”

– ასე უპასუხა 8 სექტემბერს, ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ექთნების ხელფასს ეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ხელფასის არათანაბარი ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექცია ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს. როგორც მან შემდგომ განმარტა, შრომის ინსპექცია ასევე შეისწავლის 111 კლინიკის შემთხვევას.

კითხვაზე, თუ რომელი კლინიკებია, ჯანდაცვის მინისტრმა დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ის კლინიკები არიან, რომლებიც კორონავირუსის მართვაში არიან ჩართული.

ექთნების კაბალურ შრომაზე დიდი ხანია საუბრობს პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი”. პროფკავშირმა ასევე ჩაატარა კვლევა: “კორონავირუსის პანდემია და ექთნებების შრომის ღირებულება”, კვლევის მიზანია საქართველოს ექთნებისთვის ღირსეული მინიმალური ხელფასის გამოანგარიშებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრისთვის საფუძვლის შექმნა.

კვლევა აჩვენებს, რომ პანდემიამ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მძიმე პრობლემები გამოავლინა.

“სოლიდარობის ქსელის” კვლევის თანახმად, “ჩOVID-19”-ის პანდემიისას შრომის მატებასთან ერთად, ექთნების 60%-ისთვის შრომის პირობები გაუარესდა.

აქედან 23.6%-ზე მეტი ამბობს, რომ საავადმყოფოებში სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა;

ექთნებს მიაჩნიათ, რომ ღირსეული ცხოვრებისთვის მათ საშუალოდ სჭირდებათ 1438-1845 ლარი თვეში;

ექთნების საშულო ხელფასი 2020 მეოთხე კვარტლის საქართველოში არსებული
მსხვილ ბიზნესში დასაქმებული დაქირავებული მშრომელების ყოველთვიურ
საშუალო ხელფასზე 4.8-ჯერ, ანუ თითქმის 1140 ლარით დაბალია;

გამოკითხული ექთნების 89.2% საჭირო რაოდენობისა და ნივთიერებების საკვებს არ/ვერ იღებს.

90.1% ხელფასის უკმარისობას მიიჩნევს საჭირო საკვებისა და ნივთიერებების ნაკლებობის მიზეზად.

ექთნების შრომის კაბალურ პირობებზე რადიო “ძველ ქალაქს” სოლიდარობის ქსელის გენერალური მდივანი და მკვლევარი რევაზ კარანაძე ესაუბრა.

რევაზ კარანაძის თქმით, პანდემიამ ექთნების ისედაც კაბალური შრომის პირობები კიდევ უფრო დაამძიმა. კვლევამ აჩვენა, რომ ხელფასის უკმარისობის გამო ექთნები საჭირო რაოდენობისა და ნივთიერებების საკვებს ვერ იღებენ. ამასთანავე, დაბალი ანაზღაურება ხდება ექთნის პროფესიის დატოვების უმთავრესი მიზეზი.

მკვლევარმა ჩვენთან საუბრისას, მოკლედ ისაუბრა იმ მიზეზებზეც, თუ რატომ არის ჯანდაცვის სფერო მძიმე მდგომარეობაში. მისი თქმით, კლინიკების უმეტესობა კერძოა, ბაზარზე კი მონოპოლისტი კორპორაცია “ევექსია”, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის 45 %-ს ფლობს და ასეული მილიონობით ლარის მოგებას იღებს, თუმცა კერძო სექტორი თავად აწესებს ყველანაირი წესს, მათ შორის ხელფასის საკითხსაც და პირველადი რგოლის, ექთნების ხელფასზე მათი მოგება არ აისახება.

“სიტუაცია არის კაბალური. ექთნების საშუალო ხელფასი არის 250-508 ლარი, ეს თბილისის ჩათვლით. თბილისში და რეგიონებს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა: თბილისში 500 ლარია, რეგიონებში 240 ლარი, საშუალოდ. ფიქსირდება შემთხვევები, სადაც აქვთ 150-180 ლარი ხელფასი ხელზე, ეს არის ექთნები, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ. კორონა ვირუსის პანდემიის დროს გაიზარდა მათი დატვირთვა, თუ უვლიდნენ 11-15 პაციენტს, ახლა უვლიან 30 პაციენტს. გაიზარდა მათი დაინფიცირების რიცხვი, იმდენად გადაღლილები არიან, სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ სერვისის გაწევას და ვერც თავის დაცვას. მძიმე სამუშაო პირობების გამო ბევრი ტოვებს პროფესიას, ზოგი კერძოდ მუშაობს, სხვადასხვა სამსახურებში მუშაობენ, რაც გადაღლას იწვევს და გადაღლა არის მიზეზი სამედიცინო შეცდომების. კლინიკების 95% საქართველოში არის კერძო. მონოპოლისტი არის “ევექსი”, რომელიც არის საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია და ათობით და ასობით მილიონი ლარი არის მათი მოგება, პირველადი რგოლის უფლებები კი მუდმივად დაუცველი რჩება.”- ამბობს რევაზ კარანაძე, “სოლიდარობის ქსელის” პროფკავშირის გენერალური მდივანი და მკვლევარი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *