სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ღამეს ქუთაისში გაათევენ.
მათ ქალაქის ცენტრალური მოედანი პიკეტირებული აქვთ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ,,რიონის ხეობის მცველების” მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან საპროტესტო გამოსვლებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყებენ.
,, არ გადაგვძლიოს სურვილმა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს. ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვიგოთ ომი. ეს ყველას დაანახებს ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სახეს. ძალა გამოიყენონ მათ, ჩვენი ძალა ჩვენი ერთობაა. ჩვენი სიმრავლით ვუთხრა ხელისუფლებას , რომ ჩვენი მსახური უნდა იყოს. მოვახდინოთ ქალაქის პიკეტირება. ღამეს აქ გავათევთ. მოვუწოდებთ მთელს საქართველოს, უკვე ხვალიდან გამართონ აქციები და დაიწყონ ქალაქების პიკეტირება საქართველოს მასშტაბით,” – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
დღეს სამართალდამცველებმა სოფელ გუმათთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები ღამეს კარვებში ათევდნენ, რკინის კონსტრუქციები აღმართეს, რის გამოც აქციის მონაწილეები ნამოხვანისკენ ვეღარ გადაადგილდებიან. რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად დღეს ქუთაისიდან გუმათის მიმართულების ავტოკოლონა მიემართებოდა, მაგრამ მათი გეგმები შეიცვალა. სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია ქუთაისში გამართეს. მათი მოთხოვნებია: შეჩერდეს გიგანტური ჰესის მშენებლობა, გაუქმდეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანია ,,ენკას” რიონის ხეობა 99 წლით გადაეცა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.