ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის ხედვის ეტაპზე თბილისში გამართულმა სამუშაო შეხვედრამ ქუთაისელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
მათი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქუთაისის გეგმის დამტკიცება ქუთაისის გვერდის ვალით არ უნდა მოხდეს და შეხვედრები არა დედაქალაქში, არამდე ქუთაისში უნდა გაიმართოს. იმავე მოსაზრებას იზიარებს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი, გიგა შუშანია. მისი თქმით, ქუთაისის ბედს ისე წყვეტენ, რომ ქუთაისელებს არც ეკითხებიან, რაც, გიგა შუშანიასვე შეფასებით, ქალაქის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.
,,როგორ შეიძლება იმ ადამიანებმა გადაწყვიტონ ქუთაისის ბედი, რომლებიც შეიძლება აქ მხოლოდ გავლით იყვნენ ნამყოფი? როგორც კომუნისტების დროს ქალაქკომის მდივნები იბარებდნენ პარტიის წევრებს, ისე დაიბარეს ქუთაისი მერი. მერმაც დიდი სიხარულით განაცხადა, რომ პატივი დადეს და თბილისში მიიწვიეს. იმედია იკადრებენ და ქუთაისელებსაც გააცნობენ გეგმას,’’-აცხადებს გიგა შუშანია.
ოპოზიციისა და საზოგადოების კრიტიკას ქუთაისის მერიაში პასუხობენ და ამბობენ, რომ თბილისში მხოლოდ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ქუთაისის განვითარების ხედვა იყო წარმოდგენილი. მერიის ინფორმაციით, დოკუმენტს ჯერ საბოლოო სახე არ მიუღია და მხოლოდ ხედვები და კომპეტენტური ადამიანების შენიშვნები მოისმინეს.
,,ქუთაისის გენერალური გეგმის დამტკიცება სამ ეტაპს მოიცავს: პირველი- ქუთაისში არსებული მონაცემების რუკაზე გადატანა, რაც წმინდა ტექნიკური მხარეა და ეს ეტაპი გავიარეთ. მეორე- ქუთაისის განვითარების ხედვის წარმოდგენა და მესამე-კონცეფციის შემუშავება. ჩვენ მეორე ეტაპზე ვართ. კომპანია გეოგრაფიკმა თავისი ხედვა წარმოადგინა და მოისმინა შენიშვნები შესაბამისი სამსახურებისგან. ამ ტიპის შეხვედრები საჭიროა იმისთვის, რომ დოკუმენტმა სრულყოფილი სახე მიიღოს და საზოგადოებას წარედგინოს. გენგეგმის შემუშავება კი ქუთაისელების გარეშე არ მოხდება და შემდეგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება,’’-ამბობს ქუთაისის მერიის ააიპ ,,არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს’’ ხელმძღვანელი, რუსუდან ჩინჩალაძე.
რაც შეეხება კითხვას, რატომ გაიმართა სამუშაო შეხვედრა თბილისში, ქუთაისის ნაცვლად, რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ შეხვედრის ორგანიზატორი არქიტექტორთა კავშირი იყო და იქ მომუშავე 80 ადამიანის ტრანსპორტირება არალოგიკური იქნებოდა, მხოლოდ იმიტომ რომ არ დასმულიყო კითხვა, რატომ გაიმართა შეხვედრა თბილისში.
ქუთაისის განვითარების გეგმის დამტიცების თაობაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. მერიამ სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქის განაშენიანების თაობაზე გენგეგმის დამტკიცების შესახებ ტენდერი 2020 წლის 14 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა’’ გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება პირველ ეტაპზე 5`085 ლარს შეადგენს.