წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში გათბობის სისტემის
გაუმართაობას არ ადასტურებს. ბენიძე ამბობს, რომ გათბობის სისტემა მთელ შენობაში გამართულად მუშაობს, რასაც სკოლის მოსწავლეებიც და მშობლებიც დაადასტურებენ. სკოლის დირექტორის განცხადებით, ტენდერი სისტემის მოწყობაზე ორჯერ, თუმცა, შენობის სხვადასხვა ნაწილის გათბობით უზრუნველყოფაზე გამოცხადდა და გამარჯვებულ კომპანიას ერთი და იგივე სამუშაოები არ განუხორციელებია.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების პედაგოგ აკაკი ტყეშელაშვილს, რომელმაც დღეს სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა, დირექტორი სკოლის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
“ბატონი აკაკი სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, რომელიც პედაგოგებს აშანტაჟებდა სიცოცხლის მოსპობით. მისი ყველა ქმედება სკოლის დისკრედიტაციისაკენ იყო მიმართული. იგი გავათავისუფლე პედაგოგთა კოლექტიური მოთხოვნის საფუძველზე. როდესაც მის სასიკეთოდ არ მიმდინარეობს პროცესები, ის მაშინ ამ თემის გააქტიურებას იწყებს,”-განაცხადა გიორგი ბენიძემ.