“გაბედეს” აქტივისტი გაგი ახალაძე მესხიშვილის თეატრის წინ ბუჩქების მორთვისთვის საქალაქო
სასამართლოს მიერ დაკისრებულ 1000 ლარიან ჯარიმას აპროტესტებს. ახალაძემ საჩივარი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნება. “გაბედეს” აქტივისტი ამბობს, რომ ის ქუთაისის მერის მიერ შეთითხნილი სამარცხვინო ბრალდების გამო დაჯარიმდა, რომელიც საქალაქო სასამართლომ “გააპრავა”.
“ქუთაისის მერის სამარცხვინო და კომიკური ბრალდება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გააპრავა. ეს არის ახალგაზრდების დაშინების მცდელობა. დღეს ხელისუფლება ჯარიმებითა და დაპატიმრებებით გვებრძვის. საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაეცემა, თუმცა, დიდი იმედი არ გვაქვს რომ რაიმე შეიცვლება. კიდევ ერთ სასამართლო ორგანოს გავაშიშვლებთ და დავანახებთ საზოგადოებას, რომ ის ივანიშვილის ერთ-ერთ ორგანოდაა ქცეული,”-განაცხადა გაგი ახალაძემ.
“გაბედეს” აქტივისტებმა და გოგი წულიამ 11 დეკემბერს, მთავარ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების გამოსახულებით სათამაშოების დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებმა თეატრის წინ ბუჩქები მორთეს. მათ საქალაქო სასამართლომ 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.