“ეს არის მისი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების
ყურადღების მიქცევის მორიგი მცდელობა,”-ნათვქამია “ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, შალვა კიკნაველიძის განცხადებაში. კიკნაველიძემ განმარტა, რომ ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
შალვა კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ მასსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის საუბარი შედგა, თუმცა, მისი განმარტებით, ეს რობაქიძის სურვილით მოხდა.
“რაც შეეხება შეხვედრის თემას, საუბარი იყო არჩევნების წყნარ, მშვიდ ვითარებაში წარმართვაზე და მისი მხრიდან შესაძლო მხარდაჭერაზე, რაც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია. გამომდინარე იქედან, რომ ზესტაფონში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ და არ მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდგომ, მე მივმართავ სასამართლოს, რათა მოხდეს რობაქიძის მიერ გაცხადებული ინფორმაციის დადასტურება ან საჯარო უარყოფა,”- ნათქვამია შალვა კიკნაველიძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გუშინ განაცხადა, რომ მას კანდიდატურის მოხსნას ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ სთხოვდა. რობაქიძე ამბობდა, რომ ზესტაფონში ამომრჩევლის მოსყიდვა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დაშინება მიმდინარეობს.
ფოტო: შალვა კიკნაველიძის “ფეისბუკ” გვერდი