“თავისუფალმა საქართველომ” პრეზიდენტობის კანდიდატად კახა კუკავა ზუგდიდში წარადგინა.
კუკავამ მის მთავარ მიზნად ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა დაასახელა. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა ყურადღება საბანკო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, პენსიის ზრდაზე, ნარკოპოლიტიკასა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებაზეც გაამახვილა.
“მტკივნეული თემაა საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა. მარწმუნებენ, რომ ამ თემაზე არ უნდა ვისაუბრო. ნარკოტიკები არის ამ ქვეყნის სენი. მთავრობა და საკონსტიტუციო სასამართლო მის ლეგალიზაციას კი არ უნდა ახდენდეს, მომხმარებელთა რაოდენობას უნდა ამცირებდეს. სახელმწიფომ უნდა გამოუცხადოს დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკებს. ეს გართობა კი არა თვითგანადგურებაა,”-განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
კახა კუკავა მიიჩნევს, რომ მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა იყიდებოდეს და მათ ბინადრობის მოწმობას არ უნდა აძლევდნენ.
“უცხოელებზე 100 000-მდე ბინადრობის მოწმობა გაიცა. ეს უნდა შეწყდეს. მიწა, ტყე და საძოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ექსკლუზიური საკუთრება უნდა იყოს,”-განაცხადა კახა კუკავამ.
როგორც “თავისუფალ საქართველო”-ში აცხადებენ, მათი ფინანსური რესურსი შეზღუდულია, თუმცა, პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლებს ყველა სოფელსა და ქალაქში მოსვლას ჰპირდებიან.
პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას გოგი წულაია უხელმძღვანელებს.