განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მანდატურის სამსახურის გაუმჯობესებას ემსახურება. ცვლილებების მიხედვით, თუ არსებობს ეჭვი, რომ სკოლიდან სახლში მიმავალი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მანდატურს ექნება უფლება სკოლაში მოსწავლის მშობლის გამოძახების. ამ შემთხვევაში მოსწავლე სკოლას მშობელთან ერთად დატოვებს.
აუცილებელი ხდება მანდატურს/სკოლასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობა.აღნიშნულის საფუძველზე, შესაძლოა, საჭირო გახდეს სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობა ან მოსწავლის სხვადასხვა პროგრამაში ჩართვა.
გარდა ამისა, მკაცრდება მანდატურების შერჩევის წესიც. ამიერიდან მანდატურად მუშაობის საშუალება პირებს 21 წლიდან ექნებათ, ასევე, სავალდებულო ხდება უმაღლესი ან სრულ საშუალოსთან ერთად პროფესიული განათლება.
იცვლება ტერმინოლოგიაც. მაგალითად, მოსწავლის “პირად გასინჯვას” ჩაანაცვლებს “უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება”, რომლის დროსაც შედგება შესაბამისი ოქმი. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს დათვალიერების საფუძველი და შედეგები.