“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ”
კვლევის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერების” მეორე ნაწილი წარადგინა.
კვლევაში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სასამართლო პრაქტიკის ანალიზი შშმ პირთათვის მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, პოლონეთის გამოცდილება შშმ პირთა საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით და სხვა.
აღნიშნული კვლევა იმერეთის რეგიონში არსებული სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.
“კვლევაზე მუშაობის დროს გამოვითხოვეთ ინფორმაცია სასამართლოებიდან. გვქონდა 4 ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ. მათ შორის: სოც. მუშაკებთან, ადვოკატებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და თავად შშმ პირებთან. კვლევაში აქცენტია გაკეთებული იმაზე, თუ რამდენად მსჯელობს სასამართლო შშმ პირთათვის მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა რაოდენობის საქმეები იქნა განხილული. საბოლოო ჯამში, დადგინდა რომ 2015 წლის აპრილიდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით 1031 განცხადებაა შესული სასამართლოებში. არც ერთ შემთხვევაში სასამართლოს არ უმსჯელია მხარდაჭერის მიმღები პირისათვის საარჩევნო უფლების მინიჭების თაობაზე,”-განაცხადა “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ.
კვლევაში სხვადასხვა რეკომენდაციებია წარმოდგენილი, მათ შორის:
1) ადაპტირებული ინფრასტრუქტურული გარემოს აუცილებლობა;
2) ადაპტირებული ტრანსპორტის საჭიროება შშმ პირთა გადაადგილებისათვის;
3) შშმ პირთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა მათი საარჩევნო უფლებების შესახებ და სხვა.
კვლევა USAID-ისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
საიას აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის თქმით, შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისი პირებისათვის წარდგენა იგეგმება.