გუგლი ახალ ლიდერებს ეძებს. მომავალი წლისათვის ლიდერების შესარჩევად დაინტერესებულ
ახალგზარდებს განაცხადების გაგზავნა უკვე შეუძლიათ. განცხადებების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება.
Developer Student Club (DSC) არის Google Developers-ის პროექტი; უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი კლუბი აერთიანებს სტუდენტებს ტექნოლოგიების სფეროს ირგვლივ
ქართველ სტუდენტებსაც შეუძლიათ დაარსონ Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბი ან გახდნენ უკვე არსებული კლუბის წევრი
სტუდენტური კლუბის ლიდერებს წელიწადში ერთხელ ირჩევენ.
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე გუგლმა სტუდენტურ ლიდერებს შორის გასულ წელს შეარჩია. ახლა ის თავის გამოცდილებას სხვებს უზიარებს.
,,ეს ძალიან კარგი შანსია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანისთვის, რომ მსოფლიოს უდიდეს კომპანიასთან ითანამშრომლოს, განივითაროს ლიდერობის უნარები, ტექნოლოგიების სფეროში უფრო ბევრი რამ ისწავლოს და აკეთოს ძალიან კარგი საქმე: ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას; შეიძლება ეს ძალიან მცირე პროექტია, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც საწყის ნაბიჯებს დგამს ტექნოლოგიების სფეროში კარგი საშუალებაა კიდევ უფრო განვითარდეს;
დღეს ტექნოლოგიების სფერო ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია; სწორედ ამიტომ ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ამ სფეროში პროგრესის მისაღწევად და გუგლის ეს პროგრამა კარგი შანსია სტუდენტებისთვის თავის წვლილი შეიტანონ ამ მნიშვნელოვან საქმეში”- ამბობს თამთა კაპანაძე.
სტუდენტური კლუბის ლიდერი: უნდა იყოს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი; უნდა სურდეს საკუთარ თემში სიახლეებს შეტანა და ტექნოლოგიების დახმარებით ცვლილებების განხორციელება; უნდა ესმოდეს კომპიუტერული მეცნიერებებისა და პროგრამირების ტექნიკური საკითხები; უნდა ქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება. ეს შეიძლება მოიცავდეს სკოლის პროექტის, კლუბის, მოხალისეობრივი აქტივობის განხორციელების გამოცდილებას (არ არის აუცილებელი ეს გამოცდილება შეეხებოდეს ტექნოლოგიებს). კლუბის ლიდერობა არაანაზღაურებადი, მოხალისეობრივი პოზიციაა.