ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტშიგამართა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ გავაკეთეთ საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ქუთაისელისათვის. ზოგადად იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის. თუ აქვთ ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური იდეები, სახელმწიფო აძლევს შანსს მიიღონ 100 ათას ლარამდე თანხით დაფინანსება. იმედი მაქვს, ამ რეგიონიდან მივიღებთ რაც შეიძლება მეტ განაცხადს. ასევე ვიმედოვნებ, გამარჯვებულკებს შორის გვეყოლება ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციას დაესწრნენ”,- განაცხადა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძემ.
GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.