სოფელ საწირეს განვითარების სტრატეგია მოიცავს ტერიტორიული ერთეულის კომპლექსურ განვითარებას.
პროექტი ითვალისწინებს ერთის მხრივ, ქალაქური ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას, მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
“პირველი მიმართულების ანუ ინფრასტრუქტურული განვითარებასთან დაკავშირებით ვმუშაობთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან და რა თქმა უნდა სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად. ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ წელს და მომავალ წელს დამთავრდება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო საბოლოოდ დასრულებას 2020 წლისთვის ვფიქრობთ,”- განაცხადა კურორტ “საწირეს” განვითარების ფონდის თავმჯდომარემ გელა ბუბაშვილმა.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პროექტი “საწირე – მომავლის სოფელი” მნიშვნელოვანი და ძალიან პერსპექტიულია.
“საწირე არის ძალიან პერსპექტიული ადგილი, თავის დიდი ისტორიით და დიდი შესაძლებლობებით ტურისტული ზონის განვითარების მხრივ. თითქმის ყველა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას და სხვადასხვა მიმართულებებზე ვიმსჯელობთ,”-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
სტრატეგიის მიზანი სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერებაა.