დღეიდან სპორტდარბაზებს ფუნქციონირების განახლების
უფლება მიეცათ. ფიტნეს კლუბებმა გარკვეული რეგულაციების დაცვით უნდა იფუნქციონიროს, მათ შორის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.
ფიტნეს კლუბებმა ფუნქციონირება განაახლეს ქუთაისშიც. “გალილეო ფიტნესის” ადმინისტრატორი თორნიკე გელაშვილი ამბობს, რომ რეგულაციების დაცვა რთული არ იქნება, თუმცა, პრობლემას კომენდანტის საათი ქმნის.
“მუშაობის განახლება შევძელით, რასაც რაიმე ფინანსური რესურსი არ დასჭირდა. პირველი ლოქდაუნის შემდეგ რომ მოგცეს მუშაობის განახლების უფლება, გვქონდა ტექნიკური რესურსი. იმდენივე მოვარჯიშე ვერ გვეყოლება, რადგან კომენდანტის საათი ხელს შეგვიშლის. ჩვენთან სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოდიან. არის რაღაც სივრცეები და კონკრეტული ვარჯიშები, სადაც მომხმარებლებს პირბადის კეთების ვალდებულება არ აქვთ. მაგალითად, ინტენსიური კარდიო ვარჯიშები და ვარჯიში სარბენ ბილიკზე,”-ამბობს გელაშვილი.
“გალილეო ფიტნესის” წარმომადგენელმა ლოქდაუნის პერიოდში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა:”ამ ბიზნესმა რომ დიდი ზარალი ნახა ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მძიმე იყო ეს პერიოდი აქ დასაქმებული არა ერთი ადამიანისთვის. ზოგისთვის ეს სამსახური შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.