,,ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ” – ამ წარწერიანი მაისურებით ,,ტორპედოსა”
და ,,თელავის” გუნდები მატჩზე გამოვლენ. ამას გარდა მაისურებზე იმ გმირების სახელები და გვარები იქნება დატანილი, რომლებიც აგვისტოს ომს შეეწირნენ.
,,მატჩის დღეს, ტორპედოს ინიციატივით, ორივე გუნდი მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვა. ,,ტორპედო” და ,,თელავი” კიდევ ერთხელ იტყვიან ხმამაღლა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მაისურის მეორე მხარეს იმ გმირი ჯარისკაცების სახელები და გვარები იქნება, რომლებიც აგვისტოს ომს შეეწირნენ. ერთმანეთს აუცილებლად დავიბრუნებთ!”- აცხადებენ ,,ტორპედოში”.
მატჩი 6 აგვისტოს, რამაზ შენგელია სახელობის სტადიონზე, 21 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. დიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; დაიჭრა – 1 747; 130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა, ამათგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; განადგურდა 35 ათასი სახლი; მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეები დღემდე ცხოვრობენ მავთულხლართების მიღმა.