ქუთაისის ,,ტორპედოს” გულშემატკივრები კლუბის იტალიელი ინვესტორისთვის დროულად გადაცემას ითხოვენ.
მათ განცხადება გამოაქვყენეს, სადაც წერია, რომ ფაბიო მანინო ერთადერთი ინვესტორია, ვინც ტორპედოში ფულს დებს, მაგრამ ვინაიდან კლუბი ოფიციალურად მისი არ არის, რამის მოთხოვნაც რთულია.
მთავრობა უყურადღებობას იჩენს კლუბის მიმართ, რამაც შესაძლოა იტალიელ ინვესტორს კლუბზე უარი ათქმევინოს.
,,თვეები გავიდა და სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობა დღემდე უყურადღებობას იჩენს ტორპედოს მიმართ და კლუბს მფლობელობაში არ გადასცემს იტალიელ ინვესტორს ფაბიო მანინოს. თებერვლიდან მოყოლებული ეს პიროვნება გუნდის სახელფასო დავალიანებას ისტუმრებს, ასევე გუნდს სხვა საჭირო პირობებს უქმნის, ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა კლუბი ჯერ კიდევ იურიდიულად მისი არ არის.
ფაბიო მანინთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და გვითხრა, რომ სახელმწიფოს მიმართ უკვე უნდობლობა აქვს, რამაც შეიძლება ტორპედოდან წასვლა გადააწყვეტინოს. ლოგიკურიცაა: როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, დებს ფულს, მთავრობა დაპირებებს გასცემს, მაგრამ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასრულებს და არაფრად აგდებს, პროტესტი ექნება.
დღევანდელ დღეს ფაბიო მანინო ერთადერთი ინვესტორია, ვინც ტორპედოში ფულს დებს, მაგრამ ვინაიდან კლუბი ოფიციალურად მისი არ არის, რამის მოთხოვნაც რთულია. რატომ არ არის? იმიტომ რომ მთავრობა ინვესტორისთვის მიცემულ სიტყვას/პირობას დღემდე არ ასრულებს.
თავის მხრივ, სპონსორი ასრულებს – გუნდს თვეებია ხელფასი დროულად ერიცხება, მოდიან ახალწვეულები, გუნდი ძლიერდება, მატჩიდან მატჩამდე უმატებს.
თუ იტალიელმა ინვესტორმა მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ტორპედოს დატოვება გადაწყვიტა, კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. ის დღეს კლუბის არსებობის გარანტია, ამიტომ ვითხოვთ და ველით, რომ უახლოეს დღეებში კლუბი მფლობელობაში გადაეცემა.” – აცხადებენ გულშემატკივრები.
რადიო ,,ძველი ქალაქი” არკვევს, რა ეტაპზე კლუბის ახალი ინვესტორისთვის გადაცემის საკითხი და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.