ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად მიხეილ აშვეთია დაინიშნა.
ახალი მწვრთნელი დღეს ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს. მიხეილ აშვეთიას განცხადებით, გუნდის დასაკომპლექტებლად მოლაპარაკებები დაწყებულია. მისივე განმარტებით, პირველ მარტს ჩანიშნულ მატჩზე გუნდი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად მომზადებული წარსდგება.
“ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ. ვმუშაობთ, რომ პირველ მარტს სათანადო შემადგენლობით შევხვდეთ. მოლაპარაკებები ადგილობრივ ფეხბურთელებთან დაწყებული გვაქვს. ასევე, გავდივართ კონსულტაციებს, რადგან ფეხბურთელის ჩამოყვანა მარტივი არ არის. შეიძლება ჩამოიყვანო უცხოელი ფეხბურთელი, დიდი ფული დახარჯო, მაგრამ არ გამოგადგეს. პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე დარჩენილ ფეხბურთელებთან გვაქვს კონტაქტი. ვინც კარგი ფეხბურთელი დარჩა მოვიყვანოთ და შემდეგ ეტაპობრივად გავძლიერდეთ. მთავარია, პირველ მარტს შევხვდეთ მომზადებული როგორც შეგვეძლება,”-განაცხადა მიხეილ აშვეთიამ.