,,ტორპედოს” გადარჩენის მოთხოვნით დღეს აქცია- პერფორმანსი გაიმართა. საფეხბურთო
კლუბის გულშემატკივრები და თანამშრომლები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ.
,,დიდი ხანია კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. ეს გუნდი კი მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისათვისხვალ შეძლება ქუთაისის ,,ტორპედო” არ იყოს. ამის დაშვება არავის არ გვინდა.” – აცხადებენ გულშემატკივრები.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა გუნდმაც.
,,პირველ რიგში, “ტორპედო” დიდ გულისტკივილს გამოხატავს ამ დღეებში მომხდარ ტრაგიკულ ამბებთან დაკავშირებით. ეს დღეები ყველა ერთად ვგლოვობთ იმ დანაკარგს, რომელიც განვიცადეთ და, გვერწმუნეთ, ნამდვილად არავის დამძიმება არ გვინდა იმ გადაუჭრელი პრობლემით, რომელიც ჯერ კიდევ დგას ჩვენს კლუბში. თუმცა ჩვენი გამოსავალი არის გაძლებაში, ჩვენი გამოსავალი არის ბრძოლაში! გამომდინარე აქედან, არაფერს შევუშინდებით! იმიტომ არა, რომ ეს უბრალოდ საფეხბურთო კლუბის გადარჩენის საკითხია. იმიტომ, რომ ამით უნდა გადარჩეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიაც, აწმყოც და მომავალიც… იმიტომ რომ ეს ჩვენი ოჯახია… ეს ჩვენი შვილებია… ეს ჩვენი ქალაქია… ეს ჩვენი ქვეყანაა…
და ჩვენ გადავრჩებით! დღეს მოედანზე ვერ გავა გუნდი, მაგრამ დღეს ტრიბუნებზე გავა გულშემატკივარი… დღეს ქუთაისი უქომაგებს ისტორიას, სიყვარულს, ერთგულებას, მომავალს რომელიც ამ სიკვდილამდე მიყვანილ საფეხბურთო ოჯახს აუცილებლად ექნება!” – ნათქვამია ,,ტორპედოს” ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახენებთ, რამდენიმე თვეა, “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს. გუნდში შექმნილი პრობლემები გულშემატკივრება არაერთხელ გააპროტესტეს.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ “ტორპედოს” საკითხზე გადაწყვეტილებას 3 თებერვლამდე მიიღებენ. მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გიორგაძე ამბობს, რომ პროცესები “ტორპედოს” ვალების გამო ჭიანურდება.