ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელები, ადმინისტრაციის თანამშრონლები და გულშემატკივრები პერმანენტულ
აქციებს აანონსებენ. ისინი დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ და საგანგებო განცხადებით მერიას, მთავრობას და ფეხბურთის ფედერაციას ,,ტორპედოს” გადარჩენისკენ მოუწოდეს.
თუ პრობლემა არ მოგვარდა აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.
,,ვერ გადაწყდა ქუთაისის ,,ტორპედოს” საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაიწელა. ამიტომ შევიკრიბეთ გულშემატკივრები, თანამშრომლები, ვეტერანი ფეხბურთელები, ყველა, ვისაც აწუხებს ეს საკითხი. კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. ეს გუნდი მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისათვის, არა მხოლოდ ქუთაისს, სხვა გუნდებს, ეროვნულ ნაკრებს ამარაგებს ფეხბურთელებით.გვინდა გავაკეთოთ მოწოდება. ყველამ, ვისაც გული შეგვტკივა დავუდგეთ გვერდით ,,ტორპედოს”. დღეს დგას საკითხი შევინარჩუნებთ გუნდს თუ არა. საერთოდ ლიგაში შეიძლება ვერ მიიღოს მონაწილეობა.” – განაცხადა ,,ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ აშვეთიამ.
,,არ გვინდა, დავუშვათ, რომ “ტორპედო” არ იარსებს. ამიტომ ხვალიდან რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთ, შევიკრიბებით მოედნაზე და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გუნდი არ გადარჩება.”- განაცხადა ,,ტორპედოს” ლიცენზირების მენეჯერმა ნინო ქუთათელაძემ.
შეგახენებთ, რამდენიმე თვეა, “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს. გუნდში შექმნილი პრობლემები გულშემატკივრება არაერთხელ გააპროტესტეს.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ “ტორპედოს” საკითხზე გადაწყვეტილებას 3 თებერვლამდე მიიღებენ. მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გიორგაძე ამბობს, რომ პროცესები “ტორპედოს” ვალების გამო ჭიანურდება.