ქუთაისის საფეხბურთო გუნდი “ტორპედო” 2020 წელს ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს.
გუნდმა ეროვნული პრო-ლიცენზია ოფიციალურად მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ტორპედოს” პრესსამსახური ავრცელებს.
,,ეროვნული პრო-ლიცენზია ოფიციალურად მივიღეთ, რაც “ტორპედოს” უფლებას აძლევს 2020 წელს ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს, თუმცა, ამის პარალელურად, კლუბი ჯერ კიდევ რჩება ლიცენზიარის რეგულარული მონიტორინგის ქვეშ, რომლის დროსაც კლუბში მიმდინარე პროცესები გაკონტროლდება.”- წერია განცხადებაში.
ქუთაისის ,,ტორპედოს” ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დავალიანება 800 ათასი ლარის ოდენობით აღიარა. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქს” გუნდის პრესსამსახურში განუცხადეს. მილიონ 500 ათას ლარის დავალიანებას კი ახალი ინვესტორი დაფარავს.
,,ტორპედოში” თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, რაც გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს.