ქუთაისის ,,ტორპედოს” პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდი დატოვა. როგორც კლუბის
ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან ვგებულობთ, გუნდი ქალაქის მერიის ბალანსზე დაბრუნდება და სპონსორს თავად მოძებნის.
გასულ თვეებში, როდესაც ,,ტორპედოს” გულშემატკივრები გუნდში არსებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ და ჩაჩავას წასვლას მოითხოვდნენ, მათ ქალაქის მერი შეხვდათ. მაშინ გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს. ქუთაისის მერიაში საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ ,,ტორპედოზე” პასუხისმგებლობა ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აიღოს, რადგან ქალაქის ბიუჯეტი ამას ვერ შეძლებს.
,, ,,ტორპედოს” რათქმაუნდა უნდა მოვუაროთ. ქუთაისს სჭირდება ძლიერი საფეხბურთო გუნდი. მერიის ბალანსზე გუნდის დაბრუნება მიმაჩნია, რომ იქნება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. როდესაც 350 მილიონზე მეტი იხარჯება ცენტრალური ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარებისათვის და კალაძე და მისი მეგობრები ამ ფულს საკუთარი შეხედეულებებისამებრ ხარჯავენ, კეთილი ინებონ და ქუთაისის ,,ტორპდეო” შეინახონ. მითუმეტეს ჩაჩავა და მისი კომპანია არის მთავარი დამფინანსებელი. წლების განმავლობაში ფული მათ შენახვასა და მათ პრემიებზე იხარჯება. სწორედ ფეხბურთის ფედერაცამ უნდა შეინახოს კლუბი. ქალაქის ბიუჯეტი ვერ აწევს ამას, მაგრამ ქალაქის მერიის დანაშაული არის ის რომ ქალაქის მერს ყურადღება არ გაუმახვილებია ,,ტორპედოს” პრობლემებზე.”- განაცხადა გიგა შუშანიამ.