ქუთაისის ,,ტორპედოს” პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
პრობლემებსა და მის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხობს. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, მისი მისამართით გამოთქმული პრეტენზიები, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა, არასწორია. ჩაჩავა ამბობს, რომ კლუბს სამი ზედამხედველი ორგანიზაცია ჰყავს, მათ შორის ქუთაისის მერიაც.
,,იყო ასეთი თემა გაჟღერებული, რომ ქუთაისის ,,ტორპედოში” იყო შემოსული უეფადან 9 მილიონი ლარი. არსებობდა კითხვა – სად წავიდა? რა 9 მილიონზეა ლაპარაკი, ასეთი ციფრი საერთოდ არ ყოფილა. ჩვენ ერთადერთხელ შემოგვივიდა ყველაზე დიდი ციფრი . ეს იყო მილიონ 200 ათასი ლარი უეფადან როდესაც გავხდით ჩემპიონები. ჩვენს გუნდს ჰქონდა ხარჯი თვეში 500 ათასი ლარი. ეს იყო ხელფასები. ვინც ამას აპროტესტებდა არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და საერთოდ არაფერზე დაყრდნობით აჟღერებდნენ ინფორმაციას. ყველა თანხა, რაც შემოვიდა არის სადღაც წელიწადში 7 მილიონი ლარი. ყოველთვის საჯაროდ ვიძახი, რომ ჩვენთან კარი ყოველთვის ღიაა. ყველანაირი გადასახადები გადახდილი გვაქვს. გვაქვს ხელშეკრულება აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც გვიკეთებს წლიურ აუდიტს, ამას ვაბარებთ ფეხბურთის განვითარების ფონდს, ქუთაისის მერიას და ა.შ. 3 ზედამხედველი ორგანო გვამოწმებს. ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად.”- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.
,,ტორპედოში” შექმნილ ფინანსურ პრობლემებს გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ ბრეგაძე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. დარღვევები კი იმდენად იდიდა, რომ კლუბის საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
,,ტორპედოს” პრეზიდენტი ამბობს, რომ შემოწმებისთვის მზად არიან.
“ეს დეპუტატი არის ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც არაფერზე დაყრდნობით ლაპარაკობს ამ ყველაფერს. რეალობა არის სხვა. ჩვენი კარი არის ღიაა. რა ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, შეუძლია მოვიდეს და შეგვამოწმოს.” – განაცხადა ჩაჩავამ.
შეგახსენებთ, ,,ტორპედოს” გულშემატკივრებმა გასულ თვეში გუნდში არსებული პრობლემები გააპროტესტეს. ქუთაისის მერიის წინ გამართულ აქციებზე ზაალ ჩაჩავას გუნდიდან წასვლასაც ითხოვდნენ.