ქუთაისის “ტორპედო” დღეს ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება. ცნობილია,
რომ ამ მატჩის შემდეგ “ტორპედოს” 3 ფეხბურთელი დატოვებს. ფინანსური პრობელემების გამო გუნდში თამაშზე უკვე უარი თქვა ალექსანდრ აზაცკიმ.
“ძალიან არ მინდა ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რომ კიდევ წავიდნენ ფეხბურთელები. ამის საშიშროება დგას. 25-ის თამაშის შემდეგ 2-3 ფეხბურთელს, კონკრეტულ გვარს და სახელს არ ვიტყვი, გადაწყვეტილი აქვთ რომ მიდიან. ვიმედოვნებ, სპონსორთან დაკავშირებით პრობლემები გადაწყდება, რომელიც გაჭიანურდა. ძალიან რთულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. ამის საშიშროება არის ნამდვილად.”- განაცხადა ბოლნისის “სიონთან” გამართული მატჩის შემდეგ “ტორპედოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.
გუნდი უკვე დატოვა მამუკა კობახიძემ. ბათუმის “დინამოსთან” მატჩის შემდეგ “ტორპედოს” მერაბ გიგაურიც დატოვებს. ის კარიერას უცხოეთში გაგრძელებს. კიდევ ვინ დატოვებს გუნდს დღევანდელი მატჩის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსნებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელებს ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ მიუღიათ. კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები “ჰულინგ ჯგუფის” მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა.
ფოტო:F.C. Torpedo Kutaisi