ქუთაისის საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” მორგი მატჩისთვის ემზადება.
გუნდის მწვრთნელი კახა ჩხეტიანი მატჩამდე აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ფეხბურთელები აქტიურად ვარჯიშობენ და ბრძოლას გააგრძელებენ.
“მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში “ტორპედოს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, ხაზს ვუსვამ იმას, რომ გუნდი აქტიურად ემზადება “რუსთავთან” გასამართი მატჩისთვის – სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ჩვენთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროა, რომ გასულ ტურში დავმარცხდით, რადგან გალიდერების შანსი გვქონდა, მაგრამ… ვაგრძელებთ ბრძოლას!”- აცხადებს კახა ჩხეტიანი.
მისივე თქმით, გუნდში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კლუბის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს.
“სიტუაცია, რომელიც “ტორპედოს” ირგვლივაა, კლუბიდან ჩინელი ინვესტორის წასვლამ გამოიწვია. ამ დღეებში არაერთი შეხვედრა შედგა ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას, ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს შორის… იყო ასევე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის შეხვედრაც… კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალი ინვესტორი მოიძიოს და “ტორპედომ” ჩვეულებრივ გააგრძელოს ბრძოლა ჩემპიონობისთვის, გაძლიერდეს ევროტურნირებისთვის და ქალაქისა და ქვეყნის სახელი ღირსეულად დაიცვას. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რთულ სიტუაციაში გვერდში დაგვიდგა და გვიდგას. ამ ყველაფერმა ჩვენ უფრო გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა! იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დღეებში სიტუაცია დალაგდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქუთაისის “ტორპედოს” სჭირდება და ეკადრება.” – ნათქვამია მწვრთნელის, კახა ჩხეტიანი განცხადებაში, რომელსაც “ტორპედოს” პრესსამსახური ავრცელებს.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელებს ანაზღაურება 2 თვეა არ მიუღიათ. კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები “ჰულინგ ჯგუფის” მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა.