წყალტუბოში 26 მაისის სახელობის ცენტრალური
სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერმონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ესწრებოდნენ.
,,ამ ულამაზეს ქალაქს ძალიან ლამაზი სტადიონი შეემატა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩვენ განვახორცილეთ უმნიშვნელოვანესი პროექტი, ეს არის პირველი ეტაპი, სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს გასახდელების და განათებების მოწყობა. დარწმუნებული ვარ 26 მაისის სახელობის წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი იქნება ერთ- ერთი ულამაზესი სტადიონი ჩვენს ქვეყანაში”” – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.
სტადიონის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული დროშა საფეხბურთო კლუბ ,,სამგურალის”” დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ აღმართეს. დღესვე განახლებულ სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს საფეხბურთო კლუბმა ,,სამგურალმა ” ქედას ,,ბეთლემს” უმასპინძლა.
წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დაიგო მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა ტაბლო, სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის 456 ათასი ლარი დაიხარჯა. გაკეთდა 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, მოეწყო სარბენი ბილიკი, საპირფარეშოები და შემოიღობა სტადიონი.
ფოტო:წყალტუბოს მერია